![]() ასე რომ, `1984~-ის უტოპია არცთუ ისე უტოპიური ჩანდა 1948-სა და კიდევ მრავალი მომდევნო წლის განმავლობაში. თუმცა კითხვა _ რამდენად შეიძლებოდა იმ ათასწლოვანი იმპერიის შექმნა, რომელიც ოკეანიის სახელითაა აღწერილი, მაინც უპასუხოდ რჩება. მცირე ხნით და შეზღუდულ ტერიტორიაზე მისი განხორციელების ტრაგიკული მაგალითი კი არსებობს კამბოჯასა და ჩრდილოეთ კორეაში. საოცარია, მაგრამ ტოტალიტარიზმის ყველაზე ზუსტი და მიუკერძოებელი აღწერა მოგვცა კლასიკური დემოკრატიის ქვეყნის _ ბრიტანეთის წარმომადგენელმა. ალბათ, ეს იმიტომ მოხდა, რომ მან მეტისმეტად მძაფრად შეიგრძნო კონტრასტი დემოკრატიასა და ტოტალიტარიზმს შორის, ძალიან მტკივნეულად განიცადა ილუზიების მსხვრევა, როცა ესპანეთის სამოქალაქო ომისას პირისპირ შეეყარა სახელმწიფო პროპაგანდის სიცრუეს და ბეწვზე გადაურჩა დაპატიმრებას. მოვლენათა არსს რომ ჩაწვდეს, ზოგიერთს მთელი სიცოცხლე არ ჰყოფნის, ზოგისათვის კი სულ რამდენიმე დღეა საჭირო. `1984~-ის მთავარი გმირი არც უინსტონ სმიტია და მით უმეტეს, არც ჯულია თუ ო,ბრაიენი. მისი მთავარი გმირია ის სულისშემხუთველი ატმოსფერო, ცხოვრების წესი, რომელიც დამკვიდრებულია ოკეანიაში. თავისუფლების არა ყოველმხრივი შეზღუდვა, არამედ მისი სრული იგნორირება, გამოდევნა ადამიანის ფსიქიკიდან _ აი, მისი უმთავრესი ნიშანი. მთავარი დანაშაული _ აზროვნების დანაშაულია, მთავარი დამსჯელი ორგანო _ აზრის პოლიცია. ძირითადი თანამდევი ამგვარი ცხოვრების წესისა, რაც ყოველ ნაბიჯზე იგრძნობა, ის საშინელი დაძაბულობაა, რომელიც ანადგურებს პიროვნებას, ნაპალმივით ბუგავს მის სულს. რაც უფრო ვიწროა ქცევის და, მით უმეტეს, აზროვნების შემზღუდველი საზღვრები, მით უფრო ინტენსიურად იწყებ საკუთარი საქციელისა და სიტყვების აწონ-დაწონას, რათა ღმერთი არ გაგიწყრეს და ფეხი არ გადაგიცდეს მათ გარეთ. სწორედ ამგვარ დაძაბულობაშია ის არაბუნებრიობა, მეტიც, არაადამიანურობა, რაც ტოტალიტარიზმს სდევს თან. იყო ბუნებრივი _ ნიშნავს წვრილმანებში მაინც გამოავლინო ბუნებრიობა. ეს კი აუცილებლად შეიცავს თავში თავისუფლების მარცვალს. სწორედ ეს ადამიანური ბუნებაა ტოტალიტარიზმის უმთავრესი მტერი, რადგან ტოტალიტარიზმის გამარჯვებისათვის, `ახალი ადამიანის~ შექმნისათვის, მისი სრული ატროფიაა საჭირო. რომანში ორუელი ასაბუთებს ამგვარი ატროფიის შესაძლებლობას, ამტკიცებს, რომ ადამიანს შეიძლება ჩაუძვრე სულში, წაართვა საკუთარი `მე~. ნაწარმოების ფინალი უიმედობის ტრიუმფია, ხოლო, როგორც ცნობილია, `სადაც თავდება იმედი, იწყება სიცარიელე~. სწორედ ამ სიცარიელით, ანუ სიკვდილით, მთავრდება რომანი. ამით ის მთლიანად იმეორებს განწირული ჯანყის იმ მოდელს, რომელიც ჯერ კიდევ ზამიატინმა აღწერა საბჭოთა ხელისუფლების გარიჟრაჟზე. მის რომანს `ჩვენ~ სხვაგვარად `პროტოათას ცხრაას ოთხმოცდაოთხიც~ კი შეიძლება ვუწოდოთ.
ორუელს არ სწამდა არც სულის უკვდავების და, მით უმეტეს, არც ღვთის. მისი გმირი ამბობს, რომ მას `ადამიანის სწამს~, თუმცა საბოლოოდ ეს რწმენაც ყალბი აღმოჩნდება. და მაინც, რატომაა `1984~ უტოპია? რატომ დაინგრნენ ერთი ხელის მოსმით ტოტალიტარული იმპერიები, რომელთაც მათი შემქმნელები ათასი წლის არსებობას უწინასწარმეტყველებდნენ? უმარტივესი პასუხი ასეთია _ იმიტომ, რომ ღმერთი მაინც არსებობს. ორუელის რომანში ადამიანი სრულიად მარტოა, ის მართლაც მიტოვებულია ღვთისაგან (და ეს ეხება არა მარტო უინსტონ სმიტს, არამედ ო,ბრაიენსაც და იმ უსახელო ჯალათებსაც, ბნელეთიდან რომ ამოყვინთავენ ხოლმე დროდადრო). ადამიანი ცდილობს, საყრდენი მოძებნოს საკუთარ თავში, მაგრამ უშედეგოდ და არყოფნის უფსკრულში იჩეხება. წმინდა და შეუზღუდავი ძალაუფლებაც კი, ეს ახალი სამყაროს ღმერთი, საბოლოოდ რამდენიმე ადამიანის სადისტურ მისწრაფებათა დაკმაყოფილების საშუალებადაა ქცეული. სინამდვილეში კი ადამიანი საკმაოდ გაწონასწორებული არსებაა და ცხოვრებაც ჩვენ გარშემო მისი შინაგანი ბუნების გამოხატულებაა. ორუელის მიერ დახატული სამყარო _ შეშლილთა სამყაროა. ამ სამყაროში ვერც მსხვერპლი და ვერც ჯალათი საღ გონებას ვერ შეინარჩუნებს. საბედნიეროდ, არაფერი იდეალური, მათ შორის იდეალური ტოტალიტარული სახელმწიფოც, არ შეიძლება არსებობდეს დედამიწაზე და ვიდრე ადამიანი ისეთია, როგორიც არის, შეუძლებელია პირადი ინტერესები სრულიად უგულებელყოს და მთლიანად გაითქვიფოს კოლექტივის ინტერესებში, წარმოუდგენელია, ერთხელ მაინც არ შეიტანოს ეჭვი საერთო მიზანში, რაც უნდა დიადი იყოს იგი. წარმოუდგენელია, ჭეშმარიტად მყარი შენობის აგება იმ საფუძველზე, რომ ორჯერ ორი ხუთია. ასეთ შენობებს, როგორც წესი, თავისივე კონსტრუქციული შეცდომები ანგრევს. ტყუილი სწორედ იმიტომაა ტყუილი, რომ იგი არსებობს, როგორც სიმართლის ანტითეზა. მათ შორის განსხვავების მოსპობა სრულიად არ ნიშნავს, რომ ტყუილი უეცრად სიმართლედ იქცევა. სოციალურ ყოფას, ბუნებისმეტყველების მსგავსად, საკუთარი კანონები აქვს, რომელთა იგნორირება საბოლოო ჯამში შეუძლებელია. `1984~-ში აღწერილი ყოფა ერთგვარად ამობრუნებული ყოფაა და ამიტომ საშუალება გვეძლევა, ზოგიერთ ბანალურ ჭეშმარიტებას სხვაგვარი თვალით შევხედოთ. უპირველესად, ეს არის ის, რომ ადამიანს, სულერთია, ჯალათია თუ მსხვერპლი, არ შეუძლია გამუდმებული დაძაბულობა, საკუთარი გამძლეობის ზღვარზე ყოფნა. სწორად შენიშნა ცნობილმა დისიდენტმა ანდრეი ამალრიკმა, რომ შეუძლებელია, მცველი მუდამ იარაღმომარჯვებული იდგეს ხელებაწეული ტყვის წინ _ ის ადრე თუ გვიან დაიღლება და იარაღს დაუშვებს, ეს კი უკვე ტოტალიტარიზმის კრახის დასაწყისია. ამას ვერავინ აიცილებს, რადგან თვითონ ადამიანის ბუნებაა ასეთი. ამავე დროს თვით ადამიანის მოკვდავობა, ის, რომ ერთი თაობა განუწყვეტლივ იცვლება მეორეთი, სიკვდილის ფაქტის არსებობა აიძულებს ადამიანს, ადრე თუ გვიან ყველა მიწიერი ფასეულობის ამაოებაზე დაფიქრდეს და ზეცისკენაც გააპაროს მზერა. თვითონ სიცოცხლისათვის განკუთვნილი დროის სასრულობა გვაიძულებს, საბოლოოდ არ დავემონოთ არაფერს ამქვეყნიურს. აბსოლუტური ბოროტება საერთო ჯამში უნაყოფოა, რადგან არაფრის შექმნა არ შეუძლია. როდესაც ტოტალიტარიზმზე ვფიქრობთ, გამონათქვამი `არაფერია მარადიული ამქვეყნად~ პესიმისტურის ნაცვლად საკმაოდ იმედისმომცემი გვეჩვენება. სიცოცხლე, უპირველეს ყოვლისა, მოძრაობაა და ნებისმიერი სტატიკური, უცვლელი სისტემის შექმნა, ადრე თუ გვიან მის დამყაყებას, ლპობასა და, საბოლოოდ, ნგრევას იწვევს. ორუელის სამყაროს მთავარი ნიშანი, ის, რაც მოჩვენებით სიცოცხლისუნარიანობას ანიჭებს მის ანტიუტოპიებს, ღმერთის არარსებობაა. ავტორს არ სწამს და სწორედ ეს საოცრად ფიტავს იმ სამყაროს, სადაც მისი გმირები მოქმედებენ. მისი რომანი შეიძლება განვიხილოთ როგორც მცდელობა, ადამიანს მოუძებნოს სხვა დასაყრდენი, ღმერთის გარდა. მცდელობა, რომელიც კრახით მთავრდება. სიტყვები: `მათ შეუძლიათ ჩაძვრნენ შენს სულში~ სინამდვილეში სულის უკვდავების უარყოფაა. ღმერთის არსებობა სრულიად არ ნიშნავს, რომ ამქვეყნად ბოროტება არ უნდა არსებობდეს, მეტიც, არ უნდა მძლავრობდეს. ის უბრალოდ შესაძლებლობას აძლევს ადამიანს, რეალურად დაუპირისპირდეს ბოროტებას. ღმერთის არსებობა გულისხმობს, რომ შეუძლებელია ბოროტების საბოლოო გამარჯვება, ისეთი ტრიუმფი, როგორიც `1984~-შია აღწერილი. ღვთის რწმენა სრულიადაც არ არის მეზღაპრე ყვავი მოსეს ამბავი `ცხოველების ფერმიდან~. რწმენა ის უკანასკნელი ძალაა, რომელიც ადამიანს ძალას ანიჭებს, გაუსაძლისსაც კი გაუძლოს, შეინარჩუნოს საკუთარი თავი და მას მხოლოდ სულის უკვდავების შემთხვევაში აქვს აზრი. სწორედ ამაშია განსხვავება `1984~-სა და თუნდაც `იობის წიგნს~ შორის, უინსტონ სმიტსა და იობს შორის. რასაკვირველია, იობს გარს მეგობრები ერტყა, ხოლო უინსტონს მტრები, მაგრამ ისიც უნდა ითქვას, რომ იობისათვის ნუგეშისმცემელთა სიტყვები ზოგჯერ ისეთივე ძნელი მოსასმენი იყო, როგორც უინსტონისათვის ო,ბრაიენის ქადაგების ატანა. მთავარი აზრი, რომელიც `1984~-დან შეიძლება გამოვიტანოთ, ის არის, რომ ღვთის გარეშე დარჩენილ სამყაროში, სადაც მას `უფროსი ძმა~ ან სხვა მსგავსი ტიკინა ცვლის, შეუძლებელია საკუთარი `მეს~, ადამიანობის შენარჩუნება. თანამედროვე ადამიანის მიერ სულის დაკარგვაზე ორუელი ერთ-ერთ სტატიაშიც ლაპარაკობს, მაგრამ ახლანდელი დროის ძირითადი პრობლემა ის არის, რომ ადამიანმა სულთან ერთად (ან მასზე ადრეც კი) ჭეშმარიტება დაკარგა. სამყაროში, სადაც ყოველგვარ შეხედულებას არსებობის თანაბარი უფლება აქვს, სადაც `ზევით იგივეა, რაც ქვევით~, სადაც თეზა არაფრით განსხვავდება ანტითეზისაგან, საბოლოოდ აღარაფერი ფასეული არ რჩება. ერთ მშვენიერ დღეს კი აღმოჩნდება, რომ ო,ბრაიენსაც აქვს საკუთარი ჭეშმარიტება, საკმაოდ მყარი იდეოლოგიით გამაგრებული და თუკი მოახერხა და საკმაო ძალაც მოირთო, სულ იოლად მოგახვევს მას თავზე. თანამედროვე დემოკრატია და ჰუმანიზმი ქრისტიანულ ფესვებზე აღმოცენდა. თუკი ისინი საკუთარ რელიგიურ ფესვებს მოწყდება, მართლაც დაემსგავსება `ბალახს, რომელიც შუიდან იზრდება~ და გასახმობად იქნება განწირული. ამჟამად მას ადამიანის გარეთ დასაყრდენი აღარ დარჩა, ხოლო თუკი სკეპტიციზმი და ტყუილ-მართლის გაიგივება ამ საყრდენსაც გამოაცლის, ამჟამინდელი თავისუფლება ორი-სამი თაობის ცხოვრების განმავლობაში ნაბიჯ-ნაბიჯ, საკმაოდ მარტივად შეიძლება შეიცვალოს ტოტალიტარიზმით. შესაძლოა უფრო შეფარულით, ვიდრე ეს `1984~-შია აღწერილი, მაგრამ არანაკლებ დამთრგუნველით და საშიშით.
- = გადმოსაწერი ლინკები = -
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის გაკეთების უფლება. საუკეთესო სიახლეები
» დაბრუნება ((:
» რამოდენიმე საინტერესო ფაქტი სექსზე. » keen'v les most » Frankie and Johnny / ფრენკი და ჯონი (1991/GEO/HDTVRip 720p) » Irakli & Byanka » DLe 9.5 original geo » ძარცვა იტალიურად / THE ITALIAN JOB (2003/GEO) BDRIP-AVC » სიახლეები სელებრითებზე ** » Abduction / დევნა (ქართულად) (2011/Geo/BDRip) » THE LAST OF THE MOHICANS Soundtrack » გილოცავთ გიორგობას! » my name is stain » სიახლეები სელებრითებზე ** » Spider-Man: Shattered Dimensions (2010) » მსოფლიოს 7 საოცრება ^^ თვის საუკეთესო ავტორები
|





lord